ვინ ვართ ჩვენ
წმ. ნინოს ეპისკოპალური ეკლესია თბილისში, საქართველოში, არის მისიონი ევროპის ეპისკოპალურ ეკლესიათა გაერთიანებისა (ანგლიკანური თანაზიარება). მისიონს მართავენ საერო პირები სასულიერო პირთა თანადგომითა და მხარდაჭერით.
ჩვენ, როგორც ერთი, წმინდა, კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესიის ნაწილი, მოწოდებული ვართ, ვიცხოვროთ ღვთის სიყვარულში და გავავრცელოთ იგი ჩვენი ნათლობისას მიღებული იდენტობის მუდმივი განახლებით. ეს კი ლიტურგიის, ლოცვის, განსჯის, ჩაღრმავების, მსახურების, მუსიკისა და მოზიარეობის მეშვეობით ხორციელდება.
ღვთის სულის წინამძღოლობითა და ჩვენი საერთო ცხოვრებით ქრისტეში მტკიცედ ვიცავთ ქრისტიანობის უძველეს საფუძველს. ამასთანავე, ფეხს ვუწყობთ თანამედროვე რეალობას. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია ხისტი დოგმატიზმი. ამის ნაცვლად, ყოველ ეჭვსა თუ შეკითხვას გულახდილად გამოვთქვამთ და ასე, სიწრფელით, ვიკვლევთ წმინდა წერილს.
მსახურება და ლიტურგია
ეპისკოპალური იდენტობისათვის უმნიშვნელოვანესია თანასწორობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპები. ჩვენც ამ ღირებულებების დაცვითა და თანაგრძნობით სავსე გულით ვუდგებით მსახურებას. მსახურება ჩვენი რწმენის ბუნებრივი გამოხატულებაა. მისი აუცილებლობა განპირობებულია, ერთი მხრივ, ღვთის ამქვეყნად განკაცებით, ხოლო, მეორე მხრივ, ქრისტეს მცნებით, რომელიც მოყვასის სიყვარულს გვავალდებულებს. წმ. ნინოს ეკლესია სახარების გავრცელებაზეა ორიენტირებული. მუდმივი მზადყოფნა, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, ზრუნვა ადამიანებზე, სტუმართმოყვარეობა - ასე ვავრცელებთ სახარების ჭეშმარიტებას. ერთ-ერთი მთავარი მიზანია შევაფასოთ ჩვენი ქალაქის საჭიროებები და შევეცადოთ გამოვავლინოთ ის სფეროები, სადაც შეგვეძლება აზრიანი მხარდაჭერის გაწევა და სამრევლოს გარეთაც ჩვენი ხმის მიწვდენა, რომ მრევლთან ერთად სხვებიც მოვიპატიჟოთ ღვთისა და ადამიანის სამსახურებლად.
სოციალურ მსახურებას ისევე, როგორც ღვთისმსახურებას ჩვენი მრავალფეროვნება კიდევ უფრო ამდიდრებს. წმ. ნინოს ეკლესია პატარა ეკლესიაა, ქართული კონტექსტისთვის უცხოც არის. ამის მიუხედავად, ვესწრაფვით, ჩვენი სამრევლო სახლად ვაქციოთ ყველასთვის, ნებისმიერი წარმომავლობისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანისთვის. ინკლუზიური ენის გამოყენებით, რომლითაც გაჟღენთილია ჩვენი ეკლესიის საიდუმლოები და ლოცვები, განცხადდება ღვთის სიყვარული. ყველა ლოცვისა და საიდუმლოს გულისგული კი, რასაკვირველია, წმინდა ზიარებაა, რომლის მიღების უფლებაც ჩვენთან ყველა მონათლულ ქრისტიანს აქვს.
სამრევლო ცხოვრება
ჩვენი სამრევლო ცხოვრება მუდამ განახლებადია. ცვლილებებისთვის მუდამ მზად ვართ, რადგან სამრევლოს უცხოელი წევრები ზოგჯერ ტოვებენ საქართველოს და შინ ბრუნდებიან. ახალი, დაინტერესებული ადამიანებიც ხშირად მოდიან წირვაზე დასასწრებად. ჩვენ ყოველ მათგანს გულღიად ვთავაზობთ ისეთ სივრცეს, რომელშიც შეუძლიათ, იპოვონ, დაიბრუნონ, გაიღრმაონ რწმენა და თანმიმდევრული, ზნეობრივი ცხოვრებით იცხოვრონ. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მათთვისაა, ვისაც სეკულარული წარსული აქვს ან თავს გარიყულად გრძნობს სხვა რელიგიური გაერთიანებებიდან. თითოეულ ახალმოსულს გულთბილად ვხვდებით და ხელს ვუწყობთ, სრულად ჩაერთონ როგორც ღვთისმსახურებაში, ასევე სამრევლო ცხოვრებაში.
ჩვენი სამრევლოს წევრებს კი მოვუწოდებთ, გაიღრმაონ რწმენა, ბიძგს ვაძლევთ, გამოიკვლიონ, რას ნიშნავს, ეკუთვნოდე ეპისკოპალურ ტრადიციას დღევანდელ საქართველოში. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ეძლევა, იცხოვროს თავისი რწმენა თავისივე სულიერი ნიჭების გამოყენებით. ეს მოიცავს: ურთიერთობების დამყარებას, ეკლესიაში პასუხისმგებლობის აღებასა და გარშემომყოფთა საჭიროებების მიმართ გულისხმიერების გამოჩენას. ეს ყველაფერი სიკეთით, თანაგრძნობითა და იმედით სავსე გულით უნდა გაკეთდეს.
მმართველობა
ჩვენი მმართველობა დემოკრატიისა და გენდერული თანასწორობის პრინციპებს ეფუძნება. მასში სამრევლოს ყველა წევრი მონაწილეობს, მათ შორის, საერო პირები. ჩვენი საერო ხელმძღვანელები და მღვდლები სიწრფელითა და სიმდაბლით, სახარების ღრმა სიყვარულით მსახურობენ. მღვდლები მუდამ მზად არიან, რჩევა-დარიგება მისცენ ნებისმიერ ადამიანს მისი საჭიროებისამებრ, როგორც სამრევლოში, ასევე მის გარეთ, რითაც ინარჩუნებენ წმ. ნინოს ეკლესიის მთავარ თვისებას: რომ ეს იყოს სიყვარულით, კეთილგანწყობით სავსე, უსაფრთხო და სტაბილური სივრცე ყველასთვის.